
კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, ოფიციალურად გაიხსნა „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი, თანამედროვე ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო — პროექტი, რომელიც საქართველოს ზეთისხილის ზეთის წარმოების ისტორიაში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს.
ახალი საწარმო გამორჩეულია თავისი ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით —აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთი და მარინადები.
საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დანადგარებით, იტალიური და გერმანული საწარმოო სისტემებით, რომლებიც შეესაბამება ევრო სტანდარტებს. საწარმოს დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, რაც არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს.
ქარხნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი მდებარეობა – ზეთისხილის ბაღების უშუალო სიახლოვეს. ეს შესაძლებელს ხდის, მოსავლის დაკრეფიდან მხოლოდ ერთ საათში დაიწყოს დაწურვის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მჟავიანობის ინდექსს და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ბუნებრივი ვიტამინი, ანტიოქსიდანტი და არომატული თვისება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა 150-მდე ახალი სამუშაო ადგილი სეზონურად, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდა. ქარხანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაში და ქართული აგროწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში საერთაშორისო ბაზარზე.
გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ეს ქარხანა მხოლოდ ზეთისხილის ზეთის წარმოების სივრცე არ არის — ეს არის საქართველოს შესაძლებლობის დემონსტრაცია, რომ ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ შეშის ენერგიაზე, ბუნებრივი წარმოების გზით. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების ზეთისხილის მოსავალს ჩაიბარებს. ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ,“ — განაცხადა ქარხნის გახსნაზე „სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ზეთისხილის კულტურის ფუძემდებელი გიორგი სვანიძეა, რომელმაც 2009 წელს გააშენა პირველი ნერგები კახეთის ნაყოფიერ მიწაზე პარტნიორებთან ერთად.
2019 წლიდან საქართველო გახდა გაეროს ორგანიზაცია „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ (International Olive Council) წევრი ქვეყანა, რაც მნიშვნელოვან მხარდაჭერას იძლევა ზეთისხილის სექტორის გლობალურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. გიორგი სვანიძე კი ორჯერ აირჩიეს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად, რაც საქართველოს ზეთისხილის წარმოების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.