როგორც "სვანიძის ზეთისხილის" დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" განაცხადა, ბაზარზე ზეთისხილის დეფიციტის გამო, ფასი გაორმაგებულია და ბოლო ორი წლის განმავლობაში 3-3,5 დოლარიდან 7 დოლარამდე გაიზარდა.
მისივე ცნობით, თურქეთი ერთ-ერთი ბაზარია, რომელიც მსოფლიოს ზეთისხილით ამარაგებს და ჯამში 20%-მდე დაფარვა აქვს. თუმცა, სვანიძის მტკიცებით, ქვეყანა ვერ შეძლებს მსოფლიოს სრულად მომარაგებას და დეფიციტის აღმოფხვრას.
"ვფიქრობ, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ ფასების 20-25%-იან მატებას კვლავ უნდა ველოდოთ. თუმცა ვვარაუდობ, რომ მომავალ წელსა და შემდგომ პერიოდებში სიტუაცია გამოსწორდება,“- აცხადებს სვანიძე.
რაც შეეხება ქართული ზეთისხილის სექტორს, მისი თქმით, კომპანიაში ზეთისხილის მოცულობები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს, კომპანიამ "სვანიძის ზეთისხილი" 300 ჰა ზეთისხილის პლანტაციები გააშენა.
სვანაძე ვარაუდობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში შიდა ბაზარზე, იმპორტირებული ზეთისხილის 70-80%-ის ქართული ზეთისხილით ჩანაცვლდება.
ცნობისთვის, ევროპაში ზეითუნის ზეთის დეფიციტია. პროდუქტის მარაგები იწურება. მიზეზად უკვე მეორე წელია გვალვისა და უცნაური სეტყვის გამო ცუდი მოსავალი სახელდება. მსოფლიოს ნახევარზე მეტს ისტორიულად ესპანეთი ამარაგებდა, თუმცა, ახლა მწარმოებლებმა იმპორტისთვის სამხრეთ ამერიკას მიმართეს. ამის პარალელურად თურქეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია ევროპის დეფიციტის აღმოფხვრა, თუმცა ამისთვის პირველ რიგში შეზღუდვები უნდა მოიხსნას.