ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. მისმა აქტიურობამ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ 2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ საბჭოს პრეზიდენტობის დროს დაამკვიდრა მან "ზეთისხილის მსოფლიო დღე~. დღეს ბატონი გიორგი სვანიძე საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.