„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ 26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ეს დღე ბუნებრივია გუშინ საქართველოშიც აღნიშნეს. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. მისმა აქტიურობამ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ 2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ საბჭოს პრეზიდენტობის დროს დაამკვიდრა მან "ზეთისხილის მსოფლიო დღე~. დღეს ბატონი გიორგი სვანიძე საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.
როგორია საქართველოში ზეთისხილის კულტურა, რამდენად სასარგებლოა მათი პროდუქცია, რა გეგმები აქვთ, ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება ბიზნესმენი გიორგი სვანიძე:
_მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღეს მივულოცავ ყველა ზეთისხილის მწარმოებელს. როდესაც საქართველო იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს იუნესკოსთან შეთანხმებით დაარსდა "მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღე~ და ძალიან მოხარულები ვართ. გუშინ ჩამოვფრინდი მადრიდიდან. გაეროს ორგანიზაციაში, რომელშიც 48 ქვეყანა შედის, ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. გიორგობას, 23 ნოემბერს მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას, რომ დაწესებულიყო ზეთისხილის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და შეხვედრაზე ზეთისხილის დეფიციტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ ზეთისხილის ფასმა ორჯერ მოიმატა ბაზარზე, რადგან კლიმატის ცვლილებების გამო მოსავალი შემცირდა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დამატებით 100 მილიონამდე ხე დაირგოს მსოფლიო მასშტაბით, რათა პროდუქცია უფრო მეტი იყოს ბაზარზე. მოთხოვნა გაიზარდა ზეთისხილის, რადგან ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამაზე ინფორმაცია ვფიქრობ აქვთ კიდევაც მოქალაქეებს. აუცილებელია ამ პროდუქციის მოსავლის კიდევ მეტად გაზრდა, ამიტომ მეტი პლანტაციები უნდა გაშენდეს, რომ მეტი მოსავალი მიიღოს მსოფლიომ. მსოფლიოში და საქართველოში არის სხვადასხვა ჯიშები ზეთისხილის და მაქსიმალურად შევეცდებით საქართველოში ამ ბიზნესის კიდევ მეტად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასები ძალიან გაიზარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში იგივე ფასი დავიჭიროთ და არ გავაძვიროთ ჩვენი პროდუქცია. რომ ნახოთ სვანიძის ზეთი სუპერმარკეტებში, ნახავთ რომ ფასი არის რეგულირებული.
_ ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ნოვატორი ამ ბიზნესში, თქვენ დაიწყეთ პირველად ზეთისხილის დარგვა საქართველოში, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რამდენად ხართ კმაყოფილი მიღწეული შედეგით?
_ საქართველში სულ ამბობდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. ჩემი ვაჟი მაშინ სწავლობდა, ისრაელის ელჩი, იტალიის კონსული, პირად შეხვედრების დროს სულ მეუბნებოდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. მეც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ჩვენს უწმინდესთან, ილია მეორესთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ჩვენს პატრიარქს ვეწვიე და მან თავის ბაღში მაჩვენა ზეთისხილის ხე, რომელსაც 2 ცალი ზეთისხილი ესხა. პატრიარქმა მაშინ მითხრა, ეს ზეთისხილი გაიხარებსო და სწორედ პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა. მართლა საოცარია ძალა აქვს მის კურთხევას, რომ არა მისი კურთხევა, როგორ მოვხვდებოდით 10 წელიწადში საქართველო მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოში, უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გავხდი და ნამდვილად ეს უწმინდესის კურთხევამ მოიტანა.
_ პირველი ნერგები რომელ წლებში დარგეთ?
_ სულ თავიდან ამაზე ფიქრი დავიწყეთ 2007-2008 წლებში, შემდგომ თურქეთიდან შემოვიტანეთ ნერგები. ბევრს ჰქონდა სურვილი საქართველოშიც ზეთისხილის დარგი განვითარებულიყო, მაგრამ სანამ პატრიაქის კურთხევა არ მივიღეთ ამ კონკრეტულ საკითხზე, მანამდე ეს დარგი არ განვითარდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს სწორი რჩევისთვის, კურთხევისთვის და დღეს ეს დარგი არამარტო შემოვიდა და ვითარდება საქართველოში, დარწმუნებული ვარ მალე ზეთისხილის ზეთი თხილსაც, ნუშსაც, კაკალსაც და ვაზსაც დაეწევა და გაუთანაბრდება მისი მასშტაბებით და იქ დასაქმებული ადამიანებით.
_ პირველი პლანტაცია სად გქონდათ?
_ პირველი ნერგები კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში, ჩემთან სოფელში დავრგე. მაშინ 8 ჰექტარზე გავაშენეთ, ჩემს ეზოში და სოფლის თავში. მშრალი კლიმატი შეირჩა და ძალიან მოუხდა კახეთის კლიმატი, 5 წელიწადში გვქონდა პირველი მოსავალი და მას შემდეგ ვვითარდებით და ვაშენებთ ახალ-ახალ ბაღებს.
_სხვა ფერმერები თუ შემოგიერთნენ და რამდენად არის დაინტერესება, რომ სხვებმაც განავითარონ ეს ბიზნესი?
_ ბედნიერესი კაცი ვარ. დილიდან, 6 საათიდან იწყება ჩვენს ქარხანაში ზეთისხილის ჩაბარება. როგორც ყურძნის ჩაბარება ხდება, აქაც ასე მოდიან და გვაბარებენ. ზოგი 700 კილოგრამს, ზოგი 5 ტონას, ზოგი 12 ტონას და ა.შ. რაც მთავარია ხალხმა შეიყვარა ეს კულტურა და ძალიან გვიხარია. ყველანი გახარებულები ვართ. ისეთი კულტურაა შვილთა შვილები კი არა, მათი მრავალი თაობებიც მოიმკიან ამ დარგულ ნერგზე მოსავალს.
_ იქნებ უთხრათ ჩვენს მკითხველს, რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი წარმოებული პროდუქცია?
_ ქართული ზეთისხილი განსაკუთრებულია და დღეს განსაკუთრებით გამოირჩევა სვანაძის ზეთისხილი და ზეთი. 100%-ით ნატურალურია. გვიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ზეთად აღიარეს და 4 ქვეყანას შორის არის საქართველო. ისეთ ქვეყნებს შორის მოვხვდით, როგორიც არის იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ზეთისხილის ხე უამრავი წელი ხარობს, წარმოიდგინეთ რა ჯანმრთელი გენეტიკაა შიგნით. ვინც ზეთისხილის ზეთს მოიხმარს, ის დაცულია ინფაქტისგან, ინსულტისგან, ქოლესტერინისგან, ძალიან აწესრიგებს კუჭნაწლავს. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თითქმის ყველა ვიტამინია მასში და ყველას ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ. ხშირად საუბრობენ იმასაც, რომ მხოლოდ სალათებზე უნდა მოასხან ეს ზეთი, ეს არ არის სწორი. ეს მდგრადი ზეთია. მისგან ყველაფერი შეიძლება დამზადებს. შეგიძლიათ შეწვათ, დაამზადოთ რაც გინდათ. სალათებზე მოასხათ და ისე მიირთვათ. ყველაფრისთვის იდეალურია. ალბათ დიეტოლოგების რჩევაც მოგისმენიათ, ისინი გვირჩევენ, სადღესასწაულო სუფრაზე ნოყიერი და გემრიელი საჭმლის ჭამის დაწყებამდე შევჭამოთ რამდენიმე ცალი ზეთისხილი, რადგან ეს ნაყოფი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.
ზეთისხილი და მისი ზეთი არა მარტო დელიკატესია, არამედ ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებაც. მაგალითად, კურკიან ზეთისხილს აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, სასარგებლოა ასთმის დროს. რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფის ან მისი ზეთის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ზეთისხილის ზეთი (ცივი გამოხდის) მდიდარია ვიტამინებით და მინერალური მარილებით - კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და უჯერო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სიცხეში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ. ზეთისხილის ზეთი აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას. ეს ბუნებრივი საშუალება ხსნის თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალს.
იმისათვის, რომ მივიღოთ 100%-ით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ზეთისხილი გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს - დახარისხებას, დაკალიბრებას, მისი გადამუშავება ხდება ცივი გამოხდის მეთოდით სპეციალურ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას.
- თქვენ გაქვთ ასევე სხვადასხვა დანამატებითაც ზეთები?
_ დიახ, ჩვენ ვუკეთებთ დანამატებსაც. კოწახური, წიწაკა ემატება და სხვადასხვა არომატებს ვამატებთ. ამ არომატებით რომ წავიღეთ ჩვენი პროდუქცია მადრიდში, ძალიან აღფრთოვანელები დარჩნენ. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ მიიღონ ეს ჯანმრთელი პროდუქტი. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებისთანავე გაგვიჩნდა მომხმარებლები და როცა სუპერმარკეტებში შედიოდნენ, კითხულობდნენ სად შევიძინოთ სვანიძის ზეთიო. ხალხმა მონათლა ასე, სვანიძის ზეთი მათი შერქმეული სახელია. მერე მენეჯერებმა მოგვცეს რჩევა, ხალხი თითქმის სულ თქვენს ზეთს კითხულობს და მოდით, პირდაპირ დააწერეთ სვანიძის ზეთიო. ჩვენც ასე დავაწერეთ. ერთხელ ვინც გასინჯავს ჩვენს ზეთს, მერე სხვა ზეთს არც გასინჯავს. როგორც კარგ ღვინოს რომ დალევს ადამიანი და მერე სხვას არ მიეკარება, ასეა ესეც, ვინც იცის ჩვენი ზეთი, იცის მისი შემადგენლობაც და რომ ის ძალიან კარგია.
- თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ
_ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ წარმოება. დავრგოთ უფრო მეტი ნერგი და მაქსიმალურად გავუწიოთ ამ პროდუქციას პოპულარიზაცია, რომ სხვებმაც მეტი ნერგი დარგონ. ადრე სკეპტიკურად უყურებდნენ. ხალხმა შედეგი რომ ნახა, ახლა უკვე აიტაცა ეს ბიზნესი და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად განვითარდეს. ჩვენ ასეთ მოკლე დროში მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო ავიყვანეთ მსოფლიო ასპარეზზე და დღეს ყველა იცნობს საქართველოს, როგორც ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანას. ჩვენ ქარხანა გვაქვს კახეთში და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ ცივი დაწურვის წარმოება ხდება ჩვენთან. ასევე მზადდება მარინადები, შავი ზეთისხილი, მწვანე ზეთისხილი. ცივი დაწურვის ზეთი უნიკალურია. მარკეტებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღეს მისი შეძენა.
დარწმუნებული ვარ ვინც ერთხელ გასინჯავს ამ პროდუქტს, აუცილებლად იქნება ამის მომხმარებელი. ვაპირებთ ასევე ქარხნის გაძლიერებას, დამატებითი პროდუქციების გამოშვებას, სხვადასხვა სახის ხელის კრემების, საპონის და ა.შ. დიდი გეგმები გვაქვს და კიდევ მეტ ახალ პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.